ინდივიდუალიზმის მოსპობა ჯორჯ ორუელის “1984”-ის მიხედვით

ვფიქრობ, ჯორჯ ორუელის “1984” ისეთი ნაწარმოებია, რომელიც მრავალმხრივ ავითარებს ადამიანის შეხედულებებს, გიქმნის ისეთ დამოკიდებულებას თითქოს შენც იმ ეპოქის თანამონაწილე ხარ, რომელ პერიოდშიც ხდებოდა ტოტალიტარული სისტემის მიერ საზოგადების დამონება, მე მივხვდი ეს შეგრძნება მკითხველს რატომ უჩნდება და ალბათ ერთადერთი არ ვარ ვინც დღესაც გრძნობს სულის მონობას და შიშს, რომელიც დატოვა დიქტატორულმა მმართველობამ. “1984” ჯორჯ ორუელის ანტიუტოპიური რომანია, რომელშიც ხალხი მარწუხებშია მოქცეული და არ აქვთ უნარი ფიქრისა, რადგან ყოველგვარ საღ აზრს სისტემა კლავს. სოციალისტური იდეებით გაჯერებული სისტემა ორიენტირებულია დანერგოს ერთი აზრი, რომელსაც მთელი სამყარო დაემორჩილება, ეს კი განაპირობებს საზოგადოების “ბრბოდ” ჩამოყალიბებას და ინდივიდუალიზმის მოსპობას. თვალში მოსახვედრია ასევე ის ფაქტი, რომ პარტია ილუზიის შექმნის მექანიზმს ეფექტურად იყენებს ხალხის გასაბრუებლად, ქმნის პანიკას, რაც ლოგიკურად აზროვნების უნარს კიდევ უფრო ართმევს ადამიანს და ამას ფიქტიური ომის შექმნით ახერხებს. ვის ეომები ან ვინაა შენი მოკავშირე პერმანენტულად იცვლება, ამიტომ დაბნევის ეფექტი არასდროს ქრება, ეს კი საშუალებაა ძალაუფლების მარტივად გავრცელების, რაც ამარტივებს მმართველობის დამყარებას. ყველაფრის მიუხედავად მთავარი მაინც ისაა, რომ მტერი გყავს, “დიდი ძმა გიყურებს“. მწერალი ამბობს მთავარ პერსონაჟზე: „ვერ იხსენებდა ისეთ დროს, როდესაც მისი ქვეყანა არ ომობდა“. ამ ფრაზით, ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია. ამ სამყაროში მარტო ხარ, უკანონობა უსამართლობა, ტყვეობა ყველაფერი ერთდროულად გამეფებულა და თან იმდენად ღრმად გაუდგამს ფესვები, რომ იმედი არსად ჩანს გადარჩენის, ამიტომაც ჩვენ, საზოგადოება ვხდებით ბრბო, ვხდებით იმ სისტემის ნაწილი, რომელიც ჩვენზე ბატონობს. „ ერთჯერადი არსებობა სამუდამო დავიწყებას ეძლეოდა, შენ გაუქმებული, ანულირებული, ანუ, როგორც ამბობდნენ აორთქლებული იყავი“. ჭეშმარიტების გზა არ არსებობდა, კვალი რეალურსა და ირეალურს შორის წაშლილია, ყველაფერი დავიწყებას უნდა მისცემოდა. ვფიქრობ, რომ ამ სამყაროს ანტიუტოპიური ნამდვილად არ უნდა ვუწოდოთ, რადგან ის ზედემეტად რეალურიც კია. „ სინამდვილე იხრწნება“. გარდა იმისა, რომ ხალხს თავისუფლებას ართმევდნენ, ართმევდნენ ინდივიდუალიზმს, აზროვნებას, ტვინს ურეცხავდნენ და სპობდნენ ყველაფერ განსხვავებულს. ხალხს აჯერებენ, რომ ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლებაა, უმეცრება ძალაა, ფაქტები ქრება, თითქოს გუშინ არ ყოფილა და უკან არავინ არ იხედება, სამყარო მიჰყვება „დიდი ძმის“ დინებას უფსკრულამდე. „ტოტებგაშლილი წაბლის ქვეშ მე შენ გაგყიდე, შენ კი მე“. ტოტალიტარუმა იდეოლოგიამ იმდენად მოშხამა საზოგადოების გონება, რომ ადამიანობის აღქმა შეუძლებელია. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი, უინსტონი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ გატეხა სისტემამ და დაიმონა იგი, აღარ შესწევს ძალა იბრძოლოს ამ საზარელი სისტემის წინააღმდეგ. ბორკილები, რომელიც სულის უხილავი სიმძიმე გახდა და შეუძლებელია მისგან გათავისუფლება. აუცილებელია ნაწარმოებში დავინახოთ ის მთავარი შეტყობინება, რასაც ავტორი გადმოსცემს, ანუ არა მარტო ტოტალიტარული რეჟიმის სისასტიკე, არამედ უნდა შევძლოთ თავისუფლების დაცვა ნებისმიერ ფასად, ინდივიდუალიზმის შენარჩუნება და არ დაჯერება იმის, რომ შავი თეთრია, ომი მშვიდობაა და უმეცრება ძალა, არ უნდა დავკარგოთ საკუთარი ღირებულებები და საკუთარი თავი, რადგან ის ჩვენ გვეკუთვნის და არა სისტემას ან ვინმეს. თუ ჩვენს თავისუფლებას არ დავიცავთ, მაშინ დავკარგავთ მას, ყველაზე ღირებულს და ვიქნებით მონები, დეგრადირებულნი, ყოველგვარი პროგრესისა და განვითარების გარეშე.

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started